სიახლეები

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019“ გაიხსნა

By September 16, 2019 September 17th, 2019 No Comments

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გახსნა.

გახსნის ცერემონიაზე „ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებელი“ კონკურსის 7 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი მიხეილ ბატიაშვილმა დააჯილდოვა.

ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებელი კონკურსის გამარჯვებულები არიან:

  1. ნიკო კეცხოველის სახელობის სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით გადაეცა გიორგი ჭკადუას –  მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური ფიზიკის განყოფილების კონსულტანტი
  2. ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის სტიპენდია ინჟინერია და ტექნოლოგიების მიმართულებით გადაეცა ბესიკ დუნდუას – კომპიუტერულ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი
  3. ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდია სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით გადაეცა თამარ ცერცვაძეს – ბიოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის იმუნოლოგია-მიკრობიოლოგიის კათედრის პედაგოგი
  4. დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია აგრარული მეცნიერებების მიმართულებით გადაეცა ირაკლი ჯანაშიას – ბიოლოგიის დოქტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ენტომოლოგის ინსტიტუტში მეფუტკრეობის ლაბორატორიის ხელმძღვანელი
  5. დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდია სოციალური მეცნიერებების მიმართულებით გადაეცა ვლადიმერ გამსახურდიას – ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი.
  6. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდია ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით გადაეცა ლუკა ნახუცრიშვილს – ზოგადი და შედარებითი ლიტერატურის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით
  7. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდია საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით გადაეცა ნიკოლოზ ალექსიძეს – ფილოსოფიის დოქტორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის დეკანი.

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019“ 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამეცნიერო და შემეცნებითი აქტივობა, 300-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდება.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 

admin

Author admin

More posts by admin