„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019“ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში არქეოლოგიური მასალის გამოფენით გაიხსნა. საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ და რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში მერაბ ბერიძემ მიმართეს.
გამოფენის ფარგლებში დამთვალიერებელს საშუალება აქვს გაეცნოს შიდა საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში ჩატარებული სტუდენტური ექსპედიციის შედეგად მოპოვებულ არქეოლოგიურ მასალას. აღნიშნულ ექსპედიციას ასოცირებული პროფესორი თამარ მათიაშვილი ხელმძღვანელობდა. მოპოვებული არტეფაქტები კამერალურად სტუდენტებმა დაამუშავეს. კოლექციის ნაწილი უნივერსიტეტის მუზეუმში გამოიფინა.
საგამოფენო მასალა სამი ობიექტის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა:
თმოგვში, წმ. მარინეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზედაპირულად აიკრიფა გვიანი შუასაუკუნეების მასალა, მათ შორის სქელკეციანი, ქუსლიანი ჯამისა და ცისფრად მოჭიქული ჭურჭლის ფრაგმენტები.
ახჩიის გადასახედზე ყორღანული სამარხებისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები აღმოჩნდა. ესაა ჭურჭლის ნაწილები შავად ნაპრიალები ზედაპირით, რომლებიც შემკულია კოპებით, ამოღარული სამკუთხედებით, კონცენტრული ხაზებით, კომბინირებული ორნამენტებით. ფრაგმენტები ძვ. წ. აღრიცხვის მე-16 საუკუნის II ნახევრითაა დათარიღებული.
საროში სავარაუდოდ, სამარხეული კომპლექსი აღმოჩნდა: ხელადა, ღიაფრად გამომწვარი, ქოთანი, მძივი (მინის პასტისებური) და საყურეები. ნივთები ძვ. წ. აღრიცხვით IV-III საუკუნეებით თარიღდება.
არქეოლოგიური გამოფენა 30 სექტემბრამდე გასტანს. მისი დათვალიერება ნებისიერი დაინტერესებული პირისათვის არის შესაძლებელი.