საქართველოს ეროვნულ მუზეუმში პირველად გამოიფინა ბრიტანეთის მუზეუმში დაცული სპილენძის მონეტა, რომელიც დავით IV აღმაშენებლის მიერ მოჭრილ მონეტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. მონეტას უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. მისი წარწერა XI-XII საუკუნეების საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ხაზს ასახავს. ავერსზე წარმოდგენილია დავით მეფის გამოსახულება ბიზანტიურ სამოსში; თავზე ადგას ჯვრით დამშვენებული გვირგვინი – სტემა, მარჯვენა ხელში გრძელბუნიანი ჯვარი უპყრია, მარცხენაში კი – ჯვრიანი სფერო. გამოსახულების თანმხლები ასომთავრული წარწერა მას მეფე დავითად მოიხსენიებს. რევერსზე, მონეტის ცენტრში, თანაბარმკლავიანი ჯვრის გამოსახულებაა, რომელსაც გარშემო ქართული ასომთავრული წარწერა გასდევს: „ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა.“
დავით აღმაშენებლის მონეტის ნახვა შესაძლებელია როგორც მუზეუმში, ასევე ინტერნეტში, სპეციალურად შექმნილ ახალ ციფრულ პლატფორმაზე მონეტას 3D ფორმატში: https://www.britishcouncil.ge/en/king-david
მონეტის ნახვა დამთვალიერებელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 2019 წლის 15 დეკემბრამდე შეეძლება.
ამავე დღეს ისტორიის დოქტორმა მაია პატარიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია დავით აღმაშენებლის დღეისათვის ცნობილ ყველა მონეტაზე, მათ წარმომავლობაზე და ისტორიულ მნიშვნელობაზე. საზოგადოება ასევე გაეცნო ახალ, ჯერ კიდევ უცნობ მონეტას საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდიდან, რომელიც მნიშვნელოვან მასალას წარმოადგენს ქართული ნუმიზმატიკისთვის.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოადგენს საგანმანათლებლო პროგრამებს, ლექციებსა და ვორქშოფების სერიას, რომლებიც დაკავშირებული იქნება დავით აღმაშენებლის მონეტებსა და მისი ეპოქის არტეფაქტებთან, ასევე, ბრიტანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების წარსულთან, აწმყოსა და მომავალთან.