„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019-ის“ ფარგლებში, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში სამეცნიერო სემინარი „ეკონომიკური განუსაზღვრელობის შეფასება და მართვის ძირითადი ბერკეტები საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნებისათვის“ ჩატარდა.
სემინარზე სდასუ-ს პროფესორმა დავით კბილაძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა შორენა მეტრეველმა წარმოადგინეს ვრცელი ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებზე, როგორიცაა:
- გაეროს 2030 წლამდე პერიოდის მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველოს გამოწვევები;
- მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ინდიკატორები და მათი შემოღების თანმხლები პრობლემები ეკონომიკური განუსაზღვრელობის სახით;
- ეკონომიკური განუსაზღვრელობის ჰიპოთეზა და პარადიგმა, მისი შეფასებისა და მართვის პრობლემები ქვეყნის მიკრო- და მაკრო დონეებზე;
- მაკროეკონომიკური განუსაზღვრელობის შეფასების (გაზომვის) ემპირიული კვლევის შედეგების განხილვა ქვეყნის 2005-2018 წლების უცხოური ინვესტიციების, მშპ-ს, დასაქმების, ექსპორტით იმპორტის გადაფარვის და ინფლაციის ცვლადების მრავალფაქტორიანი კორელაციურ-რეგრესული ანალიზის გამოყენების საფუძველზე;
- მაკროეკონომიკური განუსაზღვრელობის ფაქტორის შესაძლო გათვალისწინება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებისას.
სემინარის თემატიკამ და წამოჭრილმა საკითხებმა დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც გამოიხატა ცხარე დისკუსიითა და მრავალფეროვანი შეკითხვებით.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი რუსთაველის ფონდის ორგანიზებით იმართება. მისი მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცი და ამ სფეროთი ახალგაზრდების დაინტერესებაა.